getImage

თიანეთში ”თიანეთობა 2009” გაიმართა
დაბა თიანეთში ”ხინკლის ფესტივალი” – ”თიანეთობა 2009” 15-წლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად გაიმართა. ფესტივალის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია დაესწრნენ.
ღონისძიება თიანეთის რეაბილიტირებული კულტურის ცენტრის საზეიმო გახსნით დაიწყო. გაიხსნა სასტუმრო ”მთიებიც”.
წელს ”თიანეთობა” საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ფესტივალზე შემოსული თანხა დაბა თიანეთის დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.
მოეწყო ასევე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; სპორტულ-გასართობი ღონისძიებები; სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი; მიმდინარეობდა სახალისო კონკურსები: ხინკლის სწრაფად მოხვევა, ხინკლის დაგემოვნება, ხინკლის დაგემოვნება რაოდენობრივად, ლუდის სმა.
ფესტივალი საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი ხალხური ტრადიციების აღდგენა იყო, თიანეთში აგროტურიზმისა და სხვა ტურისტული მიმართულებების განვითარება, ინვესტორების მოზიდვა ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ – გაზეთი ”ყველა სიახლე” და ჟურნალი ”გზა”.

“ინტერპრესნიუსი”