ერთი უბრალო, გლეხის ფშაველი გოგო – ასე უწოდებს საკუთარ თავს შორენა ჩოლოგაური. ის არცთუ უბრალოა თავისი ღვთისგან მომადლებული ნიჭით და არცთუ უბრალო ანსამბლს ხელმძღვანელობს. გოგონა, რომელსაც მუსკომედიის თეატრის სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ხოტბას ახამდნენ, ფშაურ სამოსელში, თანატოლებთან ერთად მთის სიმღერების მესაიდუმლედ მოგვევლინა და ანსამბლ “ფშავლებს” ხელმძღვანელობს. ანსამბლი “ფშავლები” გამორჩეულია უზადო ხმებით და რეპერტუარით. ანსამბლის და მისი წევრების დაბადების ადგილი ერთმანეთს ემთხვევა -ისინი თიანელები არიან და ამაყობენ თავიანთი ულამაზესი კუთხით, ფშავლობით. გიორგი ჩიტაური, ლევან გუშარაშვილი, ეკა ბაიაშვილი და შორენა ჩოლოგაური - ფშავიდან უმღერიან სამშობლოს და მათი გუგუნი საქართველოს ცა-გუმბათს სწვდება. “თიანელები” გთავაზობთ ინტერვიუს ანსამბლის ხელმძღვანელთან, შორენა ჩოლოგაურთან, რომლის ბებია ასევე ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელია:
- მამის მხრიდან ბაბოჩემი, ბაბალე დიდებაშვილი მღეროდა, მაგრამ რაც მამაჩემი გარდაიცვალა, მას შემდეგ აღარ უმღერია. არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, ბაბოს გავხარო, რომ გისმენთ ბაბალე ბაბოს ნამღერი გვახსენდებაო. პაპაჩემი დავით ჩოლოგაური მღეროდა. დედის მხრიდან თამარ წიწაკიშვილი გიტარაზე უკრავდა და მრეროდა. სხვათა შორის, მე და ბაბალე ბაბო ფესტივალებში ერთად გამოვდიოდით. სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ, ბაბოჩემი დატირებებს მღეროდა ხოლმე. პაპაჩემმა გამოთალა თოჯინები, ბაბომ ტანსაცმელი შეუკერა ამ თოჯინებს, თითებზე გამოიბამდა ხოლმე და როცა ფანდურს უკრავდა და მღეროდა, თოჯინები ცეკვავდნენ. ფესტივალზე და გამოფენებზე თოჯინების ცეკვა დიდ ინტერესს იწვევდა.
- ის თოჯინები თქვენს ოჯახში დღესაც ინახება?
- რა თქმა უნდა. ხუთი წლის წინ მამა გარდაიცვალა და მას შემდეგ ბაბოჩემი ლოგინად ჩავარდა. მამაც მღეროდა, უძლიერესი ხმა ჰქონდა. დედაჩემიც მღერის, ჩემი დებიც, მაგრამ მე გავყევი მუსიკას. ვიფიქრე, ბაბოს ეს თოჯინები აღარ სჭირდებოდა და ვთხოვე, მომეცი მეთქი. დავიკავე ფანდური, თოჯინები ძაფებით გამოვიბი თითებზე, მაგრამ დაკვრის დროს ისინი ვერ ავაცეკვე. ბაბოჩემი, ბაბალე დიდებაშვილი სიმღერის გამო ახალგაზრდობაში ცნობილი ყოფილა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყოლია, მაგრამ პაპამ, დავით ჩოლოგაურმა გაბედა მისი მოტაცება. ბაბო იხსენებს, ცხენზე რომ შემსვეს, ძალიან არ ვიყვირე, რადგან ეს შენი მიწადასაყრელი პაპა მომწონდაო. (იცინის)
ჩოლოგაურები წარმოშობით ჭიჩოდან, უკანა ფშავიდან ვართ. ჩემი უმცროსი ძმა იქ უკვე იყო, მე არ ვარ ნამყოფი და წელს აუცილებლად წავალ. გიორგი ჩოლოგაური, ჩემი პატარა ძმა ძალიან ბუნებრივად და კარგად მღერის. მე არ ვმუშაობ მასთან, როგორც პედაგოგი. მხოლოდ რამდენიმე აკორდი ვასწავლე და თვითონ აწყობს მელოდიებს. სკოლაში გაკვეთილად ჰქონდათ ლექსი “ვაი თქვენ არაგველებო”. ამ ლექსზე მელოდია ფანდურზე ააწყო და მითხრა, სიურპრიზი გაგიკეთეო, ძალიან გამახარა მისმა შემოქმედებითმა უნარმა. თიანეთში ფესტივალი იყო სკოლებს შორის ხალხურ სიმღერაში ეჯიბრებოდნენ და ჩემმა ძმამ ამ კონკურსში გაიმარჯვა.
- ბაბოსეულ სიმღერებსაც ასრულებთ?
- ბაბოჩემი ძირითადად დატირებებს მღეროდა და მისი ტექსტები მაქვს და მინდა აღვადგინო ეს სიმღერები. ფშავში ძირითადად ხატობების დროს მღეროდნენ, რა თქმა უნდა, სახუმარო, მხიარულ სიმღერებს. ბაბოჩემს ვთხოვე, მოეცა ტექსტები, მაგრამ ჩემდა გასაოცრად უარი მითხრა, ჯერ მე მჭირდებაო. ამ სიმღერების უმეტესობა მისი შექმნილია. ძალიან მინდა ფშაური კილოები ჩვენმა ანსამბლმა ზუსტად ისევე შეასრულოს, როგორც უწინ სრულდებოდა.
- როდის აღმოაჩინეთ, რომ მთის სიმღერები უნდა ყოფილიყო თქვენთვის მთავარი?
- ზაქარია ფალიაშვილის მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე კლასიკა-ვოკალის განხრით. ვმეცადინეობდი სახელმწიფო ფილარმონიის მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელთან, კომპოზიტორ ადოლფ ოვანოვთან. შემდეგ ვმუშაობდი მუსკომედიის თეატრში რეჟისორ დათო დოიაშვილთან და კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილთან. ამ უკანასკნელთან კაპელაში ვმღეროდი. ვიყავი თეატრის მსახიობი, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ მომღერალი ვიყავი და არა მსახიობი. “ვარდების რევოლუციის” პერიოდში გამოცხადდა კონკურსი და თეატრის ყველა მსახიობს გამოცდების ჩაბარება მოგვიხდა. უმაღლესი ქულა მივიღე. როლზეც ვიყავი წარდგენილი, “როსინი” იდგმებოდა და შეყვარებული გოგონა უნდა მეთამაშა. ნიკა მემანიშვილი სულ მაქებდა, რომ გისმენ, ტანში ჟრუანტელი მივლისო და სხვადასხვა მომღერლებს მადარებდა. იმ პერიოდში მითხრეს, თეატრში კონტრაქტი შეგიწყვიტესო. სახტად დავრჩი. მინდოდა მეკითხა ნიკა მემანიშვილისთვის, რატომ მომექცნენ ასე, მაგრამ მდივანს ათქმევინა აქ არ ვარო, არადა ვიცოდი, კაბინეტში იყო. სამი დღის განმავლობაში არ მღებულობდა, ბოლოს მაინც შევხვდი და ვუთხარი, ჩემი გათავისუფლების მიზეზი მითხარით მეთქი. ოთხმოცკაციანი კაპელა იყო, სადაც ვმღეროდი და მინდოდა გამეგო, ვინმეზე ნაკლები ხმა მქონდა თუ რა ნიშნით გამათავისუფლეს. ვუთხარი, მსახიობი არ ვარ და თეატრში მსახიობად მაინც არ დავრჩები, მითხარით მიზეზი, რომ მე დამშვიდებული წავიდე თეატრიდან, რომ ვიცოდე, ამ კონკრეტული მიზეზის გამო გამათავისუფლეს მეთქი. ნიკა მემანიშვილმა თავი იმართლა, მე არაფერ შუაში ვარო, არადა თეატრის დირექტორი თავად იყო და თავად წყვეტდა ასეთ საკითხებს. მე მას ვუთხარი, ან ის გამაგებინეთ, რატომ შემომთავაზეთ აქ მუშაობა ან გათავისუფლების მიზეზი მითხარით, მოვა დრო და ვფიცავ, მე ხმამაღლა ვიტყვი როგორც მომექეცით მეთქი. თავად ნიკა მეუბნებოდა, შენი ხმის პატრონს კონსერვატორიაში ჩაბარება არ გინდაო? და კონცერტმეისტერიც კი ამიყვანა როლზე სამუშაოდ. ვაღიარებ, რომ კონსერვატორია არ მქონდა დამთავრებული და შეიძლება არ ვიყავი მზად ამ როლითვის, მაგრამ ვერ გავიგე რა დაინახა ნიკა მემანიშვილმა ჩემში ისეთი, რომ ჯერ ამომარჩია და მერე უცებ კონტრაქტი შემიწყვიტა. თეატრში მსახიობად მტოვებდნენ, მაგრამ წამოვედი და მადლობა უფალს რომ წამოვედი! ნიკა მემანიშვილს ვუთხარი, მიზეზი არ გაქვთ ჩემი გათავისუფლების და იმიტომ არ მცემთ პასუხს, მოვა დრო და მოგეზღვებათ მეთქი. ამის შემდეგ, ერთი წელი ვიმუშავე სოფელ საყდრიონის სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. იმ პერიოდში სოფელში მოვიდა მოძღვარი, არქიმანდრიტი მამა სვიმონი, რომელსაც სურდა, ტაძარში მგალობელთა გუნდი შექმნილიყო. დავიწყე სიარული ტაძარში და გალობა. მოგვიანებით მამა სვიმონი სოფელ მამკოდის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში გაამწესეს და მე იქაც დამევალა საგალობლების შესრულება. საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ისევ დავდივართ. ჩემმა მოძღვარმა ისიც კი შემატყო, რომ ლექსებს ვწერდი. ჩემს ლექსებზე სიმღერებს თავადვე ვწერ. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბედიანის დედათა მონასტრის წინამძღვარმა დედა ანტონიამ მთხოვა, იმღერეო, მდელოზე ვიჯექით ულამაზეს ბაღში და თავიდან ძალიან ხმადაბლა მოკრძალებულად დავიწყე… მერე თავადვე გამამხნევა მთელი ხმით იმღერეო და ბოლოს მითხრა, ვფიქრობ, შენ სამშობლოს უნდა ემსახურო, მაგრამ მაინც ილოცე, უფალი დაგანახებს შენს გზასო.
- ბოლო პერიოდში არაერთი ფოლკლორული ანსამბლი შეიქმნა და ალბათ, არსებობს პოპულარობის, საზღვარგარეთ გასტროლების მოლოდინი… თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
- ნამდვილად არა! დღეს რატომღაც ბევრს ეადვილება სიმღერა.. სიმღერა ადვილი არ არის და ძალიან დიდ შრომას საჭიროებს. ხანდახან ისე მინდა რომ ვიმღერო, რომ ცრემლიც კი წამომსვლია თვალიდან… უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და ამიტომ რადგან ეს ნიჭი მოგცა უფალმა, უნდა ემსახურო შენს ხალხს… მოხუცი პაპა რომ მეტყვის, პაპას ქალო ტანში ჟრუანტელმა დამიარა რომ გისმენდიო, აი ეს მსიამოვნებს, ე სარის საკმარისი ჩემთვის… პოპულარულობის ჟინი რომ გვქონოდა ამ მიმართულებით ვიმუშავებდით და აქამდე უფრო მეტად პოპულარულები ვიქნებოდით, ვიდრე ვართ. სხვა ანსამბლებისგან ჩვენს მიმართ ყოფილა კონკურენტული მომენტები, მაგრამ ამან დამთრგუნველად არ იმოქმედა ჩემზე. ჩვენ გვყავს უძლიერესი მომღერალი, ეკა ბაიაშვილი, რომელიც მსურს მთელმა საქართველომ გაიცნოს. მას უფლისგან მომადლებული ხმა აქვს და თუ დაფიქრდებიან ანსამბლები, რომ სიმღერა უფლის ნიჭია, შური და კონკურენცია აღარ იქნება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო მეუფე თადეოზს(იორამაშვილს), თიანეთის გამგებელს, ბატონ გიორგი აბაშვილს ჩვენი პირველი აუდიოალბომის, “სანთელის” მხარდაჭერისთვის, რომელიც ახლახანს გამოვიდა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ლალი ივანაურს – თიანეთის კულტურის განყოფილების გამგეს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვეხმარება, ილია არჩემაშვილს და ზაზა მადურაშვილს და ყველას, ვისაც ვუყვარვართ და ჩვენს შემოქმედებას აფასებს…
– მაინც რამ განაპირობა ანსამბლ “ფშავლების” ჩამოყალიბება?
– განაპირობა თუნდაც იმან, რომ ჩვენ ყველანი თიანელები ვართ. გიორგი ჩიტაური სოფელ ზარიძეებში ცხოვრობს, ეკა ბაიაშვილი “მათე ბიჭი” სოფელ სიმონიანთხევში, მართლა უნიკალური მომღერალია, მე – საყდრიონში და ლევან გუშარაშვილი – სოფელ დევენაანთხევში, მაგრამ ამჟამად თბილისში ცხოვრობს. მღეროდა ანსამბლ “ბიჭუნებში” და მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. ბავშვობაში ფესტივალების დროს ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს და მაშინ დავმეგობრდით მოგვიანებით ანსამბლის შექმნა გადავწყვიტეთ.
ჩვენი დებიუტი სამების საკათედრო ტაძარში შედგა. იქ შევასრულეთ შესანიშნავი პოეტის, თემურ ჩალაბაშვილის სულისშემძვრელ ლექსზე „სანტელი“ ჩვენს მიერ შექმნილი სიმღერა. ამ სიმრერამ ბატონ თემური ძალიან გაახარა და ჩვენც სიხარულის ცრემლი მოგვგვარა.
ჩვენ არა მხოლოდ ვმღერით, გვაქვს ასევე სიმღერით სათქმელი. ერთხელ მკითხეს შენს სიმღერებში სულ “მთა” ისმის და სიყვარულზე დაწერე ლექსი და იმღერეო. რასაც ვწერ, ვწერ ყოველთვის თიანეთში ან მთაში. თბილისში სიმღერების ტექსტების დაწერას ვერ ვახერხებ. ძალიან ბევრი ტკივილი მაწერინებს, სიხარული მაწერინებს და მთის სიწმინდე და სიყვარული ჩემში იმდენად ძლიერია რომ მთის მოტივებს ჩემს ნაწერებში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
– ხომ შეიძლება დაოჯახდეთ და მთის შუაგულიდან უცებ შუა ქალაქში აღმოჩნდეთ… შეეგუებით ქალაქურ ცხოვრებას?
– არანაირად! მთის გარეშე არ შემიძლია… თაყვანისმცემლები არ მაკლია, მაგრამ მინდა ისეთი ადამიანის გვერდით ვიყო, რომ ერთმანეთის პროფესია დავაფასოთ და პატივი ვცეთ.
ესაუბრა ლევან ცალუღელაშვილი www.tianelebi.wordpress.com

Leave a comment
Comments feed for this article